ლ ე ქ ს ე ბ ი

*
ოთხმოცი სიკვდილის მერე,
ვიმღერე.
*
პლაჟი
ხორბლისფერ ლანდებს
ანანავებს სილურჯე ზღვის.
ემზგავსებიან თოლიები პატარა ნავებს…
და ვხუჭავ თვალებს…
1995
*
ქალაქი არის უფსკრული ფართო.
იქ,
ყველა ამბობს – მარტონი ვართო.
1995
*
ჩემში ვცხოვრობდი უშენობას
და შეგიგრძენი,
როგორც განთიადს გრძნობს ბრმის სხეული.
1999
*
გზის განაპირას
მკვდარი ჩიტის ტანი ესვენა.
ის როგორც კუბო
ინახავდა ჭირისუფალთა მზერას.
*
სინათლით კვდება თურმე ჩამქრალი.
ავიხედე და ვნახე ვარსკვლავი…
უკვე გამქრალი.
1987
*
სცენაზე იგი ათასჯერ მოკვდა,
ხოლო საწოლში ერთხელ გათავდა!
მის სანახავად ვინც კი მოვიდა
ყველას ეგონა,
რომ ის ამ როლსაც
– თამაშობს კარგად.
*

 

რა   შეიძლება   დაკრიფო

თუ   არ   იჩქარე
ყველაფერი   შეიძლება   დაკრიფო
და   გახდე   კოლექციონერი,
ან   სიმრავლეთა   მესაკუთრე
ამიტომ   უნდა   იცოდე,
რომ
შეიძლება   დაკრიფო   ხის   ტოტზე
ვაშლი   და   მსხალი,
მწვანე   ბანანი,   თეთრი   კვერცხები
კრუხის   ბუდიდან,
ან   მანდარინი   და   ლეღვი.
შეიძლება   დაკრიფო   ეკლის   წვეტები,
ან   ზღარბის  ზურგზე
მორაღაცისფრო   უცხო   ნემსები.
შეიძლება   დაკრიფო   ცაზე   ვარსკვლავები
და   ღრუბლები.
წვიმა,   თოვლი,   ბურუსის   ცვარი
დილის   ან   წვიმის   შემდეგ
და   ზამთრის   სუსხი.
შეიძლება   დაკრიფო   ბაზრის   ხმაური,
სხვისი   ფიქრები,
დაკრიფო   ხეზე   მოჟღურტულე
ჩიტების   ფრთების   ფართხალი,
ან   ზღვის   ნაპირთან
სხვადასხვა   წონის  სიჩუმის   ფერი.
შეიძლება   დაკრიფო   ქუჩის   მკერდზე
სხვისი   ლაპარაკი,
ყრუ   კუთხეში
სახლის   ირგვლივ   კატის   კნავილი,
ან   ძაღლის   ყეფა,
ვირთხის   თათების   ფაცხა–ფუცხი
რკინის   მილებზე.
შეიძლება   დაკრიფო   ტელევიზორის   ეკრანზე
კინო.
დაკრიფო   ახლობელთა   ცრემლები,
უცნობთა   მძაფრი   გამოხედვები.
ყვირილი   და   განწირული   ეპიზოდების
ფინალური   უაზრობა.
შეიძლება   დაკრიფო   ბროწეული,
ბროწეულის   ფოთლები
და   ცრემლისხელა    სისხლის   წვეთები.
დაკრიფო   შემოდგომისთვის   გასახმობი
ბოტანიკური   ბაღის   ხეებზე
ეგზოტიკური   კაკლები,   ან   ამ   კაკლის
მსგავსი   მძივები.
შეიძლება   დაკრიფო    მოფერების   მეთოდები
და   სარკის   წინ   გაიმეორო.
შეიძლება   დაკრიფო   ჭიანჭველების
აცა–ბაცა   მარშრუტები    სწორ   ზედაპირზე,
ვარდის   კოკორზე   ფოთლები   და
იმ   ფოთლებზე    მოსეირნე
ჭიამაიას   ზურგზე   ლაქები.
შეიძლება   დაკრიფო
ძაღლის   კუდის   ქიცინი,
კაბის   ფრიალი,
ცუდი   სიტყვების   კორიანტელი,
ცხოველების   და   ადამიანების   სიცილი,
ან   წვიმის   მერე   ნაფოთლარში
ამოსული   სოკო.
შეიძლება   დაკრიფო   ტყემალი,
ან   ანანასი.
იგივე   მეთოდით
დაკრიფო   დაბადებამდე   დაჟანგული   დრო
და   იმ   დროში   გარინდული   მოძრაობები.
შეიძლება   დაკრიფო
დასაკრეფი    კუპლეტები
ჯიბის   წიგნაკისათვის,   ან   სამაგიდო   ალბომისათვის.
კოლექციის   შესავსებად   დაკრიფო
სიკვდილის
ერთდროულად   ლამაზი   და  მახინჯი
ღიმილი   და   მოათავსო
სიცოცხლის
ერთდროულად   ლამაზი   და   მახინჯი
ღიმილის   გვერდით.
შეიძლება   დაკრიფო   აბსურდი.
კედლიდან    ამოხსნილი   აგურები,
სხვადასხვა   ზომის   წრეები   წყლის
ზედაპირზე
და   ამ   წრეების   ხმაური.
შეიძლება   დაკრიფო   უსასრულობის   სიპატარავე,
სიყვარულის   ილუზია
და
უაზრობის   აზრიანობა,
ან   პირიქით.
შეიძლება    ყველაფრის   დაუკრეფაობა   დაკრიფო
და   არაფერი   არ   შეინახო.

 



სახის   პროფილი

ეს   მერამდენედ   მშვიდდება   ჩემში
ის   ვიღაც   უცხო,
ვისაც   არ   ვიცნობ
და   აღარ   ვკარგავ,   რათა   მოვიდეს…
ის   ვიღაც   უცხო,
ვინც  გალავანის   არღვევს   ჯებირებს
და   ვინც
(ენდეო   ჩემს   ხმას)   ჩურჩულებს…
ის   ვიღაც   უცხო,
ტრამალის   ვისაც
აწუხებს   სისხლით   მთვრალი   ჰაერი,
რადგან   ბურუსად   ჩამდგარ   თვალებში
ვერ   დანახული   ყალბი   სამოთხე –
ბნელში    ჩრდილივით   დაიმალება
და   გამოაღებს   ყველა   კარიბჭეს,
თუნდაც   სიმართლის   სიყალბის   მიღმა
გამოგონილი
ჯადოსნური   მწვერვალის   ქიმზე
მცხოვრები   გაქრეს
უ ს ა ს ო ო  ბ ა …
თითქოს   ჩაფლული   ტყის   სიღრმეებში,
სადაც   შეკითხვა   და   ეჭვის  თვალი –
იმ   უცხო   კაცის   იარაღია,
რომელიც   მუდამ   მგზავრის   სამოსით
დაილანდება   სოფლის   შარებში,
რათა   წარსული   ცას   გაუცვალოს,
როგორც   მეთევზე   ამას   აკეთებს
დილის
ნისლიან   მდუმარებაში.
ან   მზით  და   წვიმით
დახუნძლული
დღეების   მკრთალი   ძაფი,
თუ  გადაიქცა   ხატად
უნდა   სიმშვიდის   სუფევა   ჩადგეს
აქაც,   იქაც   და   სადაც…
გველოდებიან   შუქით   მოღვრილი
სიშორის   მიღმა   ძველი   ბაქნები,
თითქმის   ცივი  და   მიუსაფარი.
ზოგჯერ   მღვრიე   და   გაუხარელი
დაღლაა   ღამის   მშვიდი   სამოსი,
რადგან
შეხვედრით   ან   განშორებით
ან   იმ   რაღაცით,
ან   შეუგრძნობის
(რომლის   შეგრძნებაც   ასე  გვჭირდება)
რაღაც   ლანდებით,
რაღაც   იდუმალ   აგერ   ჩავლილით,
რაღაც   მოსული   საიდანღაცით
თბილდება   თითის   დაუკარებლად,
სიტყვის   უთქმელად
და   უსასრულოდ
თურმე   უშენოდ   ვეძებ   არჩევანს.
შემოძარცული   გიჟის   სამოსით
გარეშე   ყველა   მცდარი   სხეულის
სუნთქავს   კვირტების   ამოსაყრელად
(სადაც   ხვალინდელ   წარსულს   გავურბი).
სუნთქავს   გაქრობის   მერე   მოსული
და   არ   დაცლილი
ნათელს   მიჰყვება   მაინც –
იმედი…
და   აი   მთვარის   დაუკითხავად
ის   ვიღაც   უცხო
კვლავ   გამოჩნდება   ბილიკის   ტანზე.
მოივლის   ეზოს
ფარდებს   გამოხსნის
ღამეს   ამბორით   მოიალერსებს
გაწვდება   ყველა   არსებულ   სიბრტყეს
მერე   კი   მშვიდად   შემოვა   წასვლით,
რომ
ს ა დ ღ ა ც
დარჩეს
რაღაცის   მერე…
კედლების   იქით   რასაც,
კედლების   იქით   ალბათ,
კედლების   იქით   ვისაც
მოუცლელობის   გამო –
კმაყოფილების   გამო –
ჩვენსავით   ცუდებს   და   (იქნებ)  კარგებს,
მაგრამ   მარტივებს   და   მაგრამ   რთულებს
სჭირდებათ
მ ა ი ნ ც  –  აზრი!
რომ   სიტყვა   არის
წ ა მ ი …
და
ს ი მ შ ვ ი დ ე შ ი
შეიძლება   უეცრად   მოკვდე,
ან
მ შ ვ ი დ ა დ …
მ შ ვ ი დ ა დ …
იცხოვრო   ასი   წელი.

1996.08.



*
გზის   სიშორეში
ჩამოღამდა
თვალების   ფერი.

*
უსასრულობის   დალევაზე
ფუჭია   ფიქრი
ღვინოს   გარეშე.

*
დღეს   მაგონდება   ის   დღეები
როცა   შენ   მხოლოდ
მე   მიგონებდი

*
ქალის   სინაზეს
ვერ  აქრობდა   მთვარის   სინათლე
წვავდა   სანთელი.

*
გაყვითლდა   ზამთრის
ზეწარი   მზეზე
და   მერე   სულაც
ბილიკად   იქცა.

*
მე   და   მე   ვსაუბრობდით
და   მე   ვიყავი
მაინც   მართალი.

*
აღარ   არსებობს   არაფერი
რაც   აქ   არ   ხდება
და   თუ   არსებობს
უკვე   მომხდარი.

*
სიცოცხლე,
სისხლით   მშიერი
ბრძოლაა   ორის!..
ყოველი   წუთი   დუელია
ჩემსა   და   სინდისს   შორის…

1987
*
ფიქრების   ჩხირზე
ძაფად   ეხვევა   სიბრძნე,
რათა   მოქსოვოს
სულის   სიდინჯე.
1984

*
მთები –
პლანეტის   გაქვავებული   ოცნების
ფრთები.
1984

*
გუშინ   მესიზმრა –
ჩემს   სიყვარულზე
პასუხად   შენი
გამოწვდილი   ხელი…

1984

*
რამდენი   ღამე   მე   დამითვლია
შენგან   მარტოკა   დარჩენილს   სხვებთან
და   მიტირია…
რამდენი   ღამე   არ   მიძინია
და   შენთან    ერთად
საუბარში    გამთენებია   თეთრად…

1984
*
ქალი   გავიცანი –  ემა
და   გადამაქცია   შარლად.
იდიოტების   ცვენა,
შველა   არ   არის   არსად.

1995
*
როცა   სიზმრიდან
გამოსული
გზარავს   სიცხადე,
თითქოს
ღალატი   საჭიროა –
რათა   გიყვარდეს…

1994

*
ისეთი   დროა –
ხა–ხა   მშრალია!

1995
*

გლობალური   სუიტა

თეთრია   ლექსი,
თეთრია   ზღაპარი,
– თოვს…

1992

*
შემოდგომის   მეეზოვე
ქარი   კინძავს   ფოთლებს
თითქოს   ლექსებს   პოეტი.
და   ბროშურას   მალე   სევდის
დაერქმევა   სონეტი.

1999

 



სევდით დაღლილი

სევდით   დაღლილი   მოვდივარ   შენთან
პეპლების   ფრთებზე   ყვავილების   კრეფით   გართული
სიზმარში   გნახე
სიზმარი   იყო   ღრუბლიანი   კედლების   რღვევა
სადღაც   წასული
ძახილის   მერე   საჩურჩულოდ   იქცა   ყოველი
ბუჩქზე   ფოთლებიც   განაბული   ელიან    შენს   ხმას
კუნძულებს   მიღმა
ამ  სივრცეებს    წარღვნა   წალეკავს
და   თუ   გადავრჩი
დუმილს  ბალიშთან   ხელით   მოგიტან
დაღლილი   უგზო   მთებზე   რიალით
სიზმარში   ცხადი
გიჟი  ხმებით   ახრჩობს   სიჩუმეს
რომ   გავიპაროთ
ჩამოქცეულ   სამყოფელთა   ფერების   იქით
რათა   მოვიდეთ
და   გაქრობით    მარადიულ   ნივთებს






1996.11.17



ერთხელ…

გახუნებული   ფრესკებიდან
ჩამოდიან   ანგელოზები,
მუნჯი   თვალები
დღით   დაღლილი
სივრცის   მსგავსია.
ბებერი   მიწის
წყლის   არტერიებს
ხმელი   ფოთლების
გადაფრენა
ყვითლად   აცვიათ…
სადღაც   მივყვები
მელნისფერ   ღრუბლებს,
გაცრეცილ   ცის   ტანს
ხელების   სითბო
შენი   ატყვია.
აცივდა   ყველგან.
ყველგან   ქარია,
მზის   მონატრება
და   მოლოდინი
უსასრულო  –
ერთი   წამია.

1996.13.11




ჰეი …

„წარსული   წარსულის  მეგობარია“
გერტ   ბი–ფუზი.

ჰეი!
შენ   ღმერთივით   დადიხარ   მარტო
(ვერ   გიპოვნია   სახე   ნამდვილი).
ჩემს   ტკივილებსაც   შენი   მზე   დარდობს
და   ხარ   ამ   წუთით   ალბათ   დაღლილი…

ჰეი!
ყველა   გემი   ვიღაცას   მიჰყავს
ცხედარს   ცხედარი   დუმილით   ნათლავს.
„ის“  – არ   იყო   და   ამბობდა   სიტყვას,
„ის“  – არ   იყო   და   ისმენდა    ნათქვამს…

ჰეი!
გაიხსენე   შენი   ბავშვობა
და   მზის   ხალიჩა   უცხო   ფერებით,
ან   ნამიანი   ბალახის   ჟღალო
სერების   მხრებზე   მისი   ტერფებით
და   დაივიწყე   მღვრიე    დღეები…

ჰეი!
ვის   სჭირდება   ცაში   აფრენა,
სამარეს   რჩება   ყველა   სახელი.
შენი   მცდელობაც   ფუჭი   იქნება,
თუ   სინანული   დარდის   წამშლელი
დაკარგეს   ღამით   მთვარის   ფიქრებმა…

ჰეი!
ვის   ელიან   შენი   ლანდები
მოგზაურობა   თუკი   მთავრდება.
ოცნებებიდან    წავლენ   პალმები
და   ზღვაც   უგემოდ   დაიკარგება…

1997

 



/ეს   ლექსი    მეხსიერებას   შემორჩა
ერთი   უბის   წიგნაკის   წყალობით,
რომელიც   დაიკარგა   და   რომლის
ავტორიც   დიდი   ხანია    გარდაიცვალა.
მისი   სახელი   და   გვარი   ჩემსას   ემთხვევა/

სათაური   არ   მახსოვს

არ   მახსოვს   პირველი   კუპლეტიც

არ   მინდა   ჩემი   დაგერქვას   ქალი,
მერე   კი   სხვისი   ფიქრების   კედელს
შენი   თვალები   სარკმელად   ჰქონდეს
და   ჩემს   კუნძულზე,
რომელზეც  ცხოვრობ
მძაფრი   განცდების   ქარბუქი   ქროდეს…

აქ   მე   მგონია   სტროფი   მაკლია

არ   მინდა   ჩემთან   ეძინოს   ღამეს
თუ   ის   შენს   მთვარეს   აღარ   ასვენებს,
არ   მინდა   ჩემთან   იყოს   ის   წვიმა
შენი   ქოლგის   ზურგს   რომ   არ   ასველებს.

და   ასე   შემდეგ…

მკრთალი   ჩრდილივით
ქუჩების   ფონზე,
რომ   ჩაივლიან   გაზაფხულები,
არ   მინდა   ფერებს   კარგავდეს   დილა
და   უსასრულო   მარტოობაში
შენ   ჩემთან   ერთად   დაიდო   ბინა…

შემდეგი   გვერდი   არის   დაკარგული

არ   მინდა    შენი   ფიქრების   რკალში,
ჩემი   ჩურჩული   არხევდეს   ფოთლებს
და   აფრენილი   პეპლების   ზურგზე
ჩვენი   ზამთარის
ფიფქები   თოვდეს

ფინალი   არ   არსებობს

 



პარალელური   შესაძლებლობების
გარეთ…

რა   უნდა   გითხრა –
რაც   უნდა   დარჩეს.
ან   როგორ   დარჩეს –
თუ   სიტყვა   თქმული
არ   შეიძლება   იყოს   სათქმელი…
არსებობს   სადღაც   დასალიერი…
არსებობს   სადღაც   ფიქრის   ნაპირიც –
და  მართალს   გეტყვი:
რომ   ვფიქრობ   სათქმელს   და
ვეღარ   ვამბობ.
რომ   სიტყვა   თქმული
არის   სხვა   სიტყვა.
და   რომ   სხვა  სიტყვა  აღარ   არსებობს
და   რომ   სათქმელი   იყო   სიყალბე,
რომელშიც   ცხოვრობს
სიმართლის   შემდგომ   დამდგარი   წამი –
და   ეს   დრო   მგზავრის არ  არის  სახლი…
და   ეს   დრო   მგზავრის
არის   ზღაპარი…
ზღაპარი   არის   ჩემი   ნათქვამიც,
თუ   ის   გაიგეს,   ან   არ   გაიგეს…
ზღაპარი   არის   თბილი   ზამთარი,
თუ   მზის   სხეული   მკერდქვეშ   დამიგეს…
ზღაპარი   არის   ის,   რაც   აიღეს
შენმა   თითებმა
შენმა   მკლავებმა.
ზღაპარი   არის,   ის   რაც   წაიღეს
შენმა   სიზმრებმა
შენმა   თვალებმა
და   გადაკარგეს,   რაც   ვერ   იპოვეს,
რომ   მოლოდინით
მთვარის   სიშორეს
ვინც   დაიმონებს,
ვერ   გაიგონებს –
სიჩუმეს,
სიტყვებს…
ან   როცა  უნდა   სიმართლეს   მიჰყვეს,
წყურვილს
ვერავინ   ვერ   დაიოკებს
და   სისხლის   ზღვაში
სისხლიანი   სიტყვით   იომებს…
სად –
აგაჯანყებს   ათასი   ყალბი,
ფლიდი,   თაღლითი
და   ფიქრი   ხარბი…
თითქოს   შენშია   იესოს   ჯვარი!
თითქოს   შენშია   იუდას   გვამიც!..
ბრბოში   კი   ვიღაც
ხარხარით   დადის…
ბრბოში   კი   ვიღაც
შიშველი   არის…
– მაშ   რატომ   ენდე   ტალღების   რხევას
და   ნაპირისკენ   აღარ   გაცურე.
– ან   რატომ   ენდე   სიტყვათა   თამაშს
და   განწირული   სურვილებით
თავი   აცდუნე…
მოვა   დრო,   ალბათ,
ყველა   ფიალა   რომ   დაიცლება –
და   გაირკვევა
სად   რა   იქნება,
ვინ   წაიქცევა…
ღმერთმა   ხომ   ყოფნა   ასე   ინება –
რომ   სიკვდილის   წინ
დაისვენონ   ჩვენმა   ფიქრებმა…
1996. 05.

 



ჯადოქრის   თეთრი   კუბო
„იქ   არა   ნათობს   არცა   მზე   და
არცა   მთვარე,   არც   ცეცხლის   ალი“
/„ბჰაგავატგიტა“   XV.  6/

ჩემო   უცნაურო   ღმერთო.   დაუსაბამო   უსასოობავ –
ნუ   დაბრუნდები!
დაბერდა   კანქვეშ   მძვინვარე   ცეცხლი
უკვე   არ   გეძებ
ნუ   დაბრუნდები!
გაქრი   და   სადმე   გადაიხვეწე
– შენი   ჯალათი   მე   ვარ.
ვერ   გაპატიებ   მოსვლას   და   ღალატს
– გამშორდი!
წადი
შემომაცალე   ცივი   ხელები
ისინი   კლავენ   ჩემს   სიამაყეს
– აღარ   მჭირდები.
მითხარი    მხოლოდ   რატომ   არ   მტოვებ
ჩემო   უცნაურო   ღმერთო.   ჩემო   ტკივილო –
ვეძებ   სივრცეებს   შენს   ფიქრებს   მიღმა,
მაგრამ   შენ   ცოცხლობ
ყველგან
ყოველთვის
ცივი   და   მკვდარი,   როგორც   ცხედარი.
შენ   მონადირეს   ჰგავხარ   კუბოში,
მე   კი   კუბოსთან   ვწევარ   და   ვყვირი.
არავის   ესმის   ღრუბლების   უკან   ჩემი   ტირილი.
– სიყვარულს   ვთხოვდი   მხოლოდ   განგებას
მუხლებზე   მედო   მაშინ    მე   თავი
და   გავყურებდი   მღვრიე   ჰორიზონტს,
სადაც   შენ   ყველა   მზე   დააბნელე
და   სადაც   ყველა   ღამე   წამართვი.
ჯერ   არ   იყავი   მკვდარი
და   ჩემთვის   უნდა   გამოგეტყუა
მისხალი   სითბო,
რომ   როგორც   ღვინო,   გამოგეცალა
ჩემი   სიცოცხლე.
ვერ   მოიკალი   ჟინი   წყურვილის,
შენ   ბოროტებით   იყავი   მთვრალი
ედემის   მკვიდრთა    წაიღე   სითბო  და
შთანთქე   ზეცა,
ცივი   ყინულის   ბასრი   ისრებით
გულს   ასამარებ.
– ცივი   თითებით    ნუ   მეფერები
ჩემო   უცნაურო   ღმერთო.   უარყოფილო   და
შორეულო –
შენ   მოისწრაფე   შენი   სიცოცხლე   ჩემი   ხელებით
დასცინე   ტკივილს
დასცინე   რწმენას
და   ღამის   ტყეებს   აჩუქე   ცეცხლი   ჩემი   სხეულის…
მე   ახლა   მცივა.
. . .
შემეხეთ   თბილი   თითებით   ყველა   და   მომეფერეთ
. . .
ჩემო   უცნაურო   ღმერთო.   მე   დღესაც   მიკვირს –
შენ   რატომ   მგავდი   ასე   ძალიან
ან   რატომ   ჩანდა
სარკეში   კუბო.
1995

 




*
თითქოს   სიზმრების   ქვეყანაში   წასაყვანად
მოხვედი   ჩუმად
ბავშვის   ნახატებს   ჰგვანან   ირგვლის
ხალხის   თვალები
ნავი   ნაპირთან
მახსოვს   რა   იყო
რა   იქნება   და   სად   მიმიყვანს
დახუჭავს   თვალებს   იმ   ფრესკაზეც
შენი   სახელი
შემოვა   სახლში
თოვლზე   მკრთალი   დარჩება   კვალი
რა   იყო   ნეტავ
გაზაფხული   თუ   დამფრთხალი   ირემი   ღამით
სევდის   სამოსი
გოლგოთიდან   მოტანილი   ჩამაცვი   წამით
შენი   ნაპირის   სასთუმალთან   გაათევს     ღამეს
ჩემი   ძახილი
მოვალ
მოგიტან
ბროწეულით   დათესილ   ყანებს
პეშვებით   ღვინოს
მზის   ბილიკებით   გაქონილ   იმედს
ციდან   ვარსკვლავებს
ტყის   ჯურღმულების   შესაკრავ   ღილებს
ნუ   გამაღვიძებ
როცა   გიპოვი
(ეს   მერამდენედ)
და   ნათელით   გათბება   მიწა
შენი    თვალების   კიდევ   ერთხელ   დანახვა
მინდა.
ნუ   გამაღვიძებ
მხოლოდ   წამით   მაცვია   მიწა
მხრებით   ავწიო   მდუმარების   თაღები
მინდა.
1996     18.11

 



მზით შემოსული

მზით
შემოსული   აღმოჩნდი   სახლში
სად   დაკარგული   იპოვე   სახე
აქ.
ამ   ოთახში
შენი   ხელები   მაწვდიან   სითბოს
ზღვაში
უცნობი   ანარეკლების
(ციდან   ჩამოსვლა   მოუნდათ   ღმერთებს)
სანამ   ინათებს
ლოცვების  ხიდებს   უსასრულო   უფსკრული   იცავს
„ოდესმე   წავალთ…“
კარების    მიღმა  მოლოდინი   აკრიფავს   რელსებს
შენ   იმ   ბაქნიდან   ვერ   დაბრუნდები…
მე   იმ   ჰორიზონტს   ვერ   დავინახავ…
ბრმა
ყვავილებით.
ვივლით   ბილიკით  სახლიდან   სახლში,
რათა   გვახსოვდეს   თვალთა   ამხელი
და   დაღლილებმა   ვიპოვოთ   ბინა
იქ
სადაც   ჩრდილებს   ხატავს   ნათელი.

1996.20.12.

 



თენდება   ყოველ   ნახევარ   საათში

ზანქი    რძისფერი
მთვარე   მხატვარი   და   ლუციფერი.
სადღაც   ზამთარი
ქვრივი  შავებით
და   დანისლული   სევდით   საყდარი.
ტყის   უსიერი   მოსალოგინი
მეფის   სენაკებს   გადანაყარი.
სიმწიფე   ბლერწი    ბროწეულების,
ჭარბად   მასხარას   ნაარაკალი,
თითქოს –  ბუნაგებს
ჯადოსნური   ფარავს   ზღაპარი…
ბუდუარებში    რხევა    ბარხატის,
ნათელს – კაენი
უსასრულო   ახლავს   წანწალით…
ჩაუქრობელი
ჰადესის   ცეცხლით   სავსე   ხონჩების
მშიერ    საფლავებს
ესმით   ხარხარი…
ბამბუკის   ჩხვერში   არგამონები,
მაგნოლიები   ჯერაც   ნორჩები…
სიმღერა   მესმის   ზე   სამყაროსი
და   სიტყვით   სათქმელს   როცა   მოვრჩები
პეპლის   დათოვლილ   ფრთებზე   სამოსი
გამოიღვიძებს,
როგორც    ფალოსი…

1997




წერილის   მწერლები

„შენმა   თვალებმა   მე   დამატყვევეს“
– დაწერე?
– დავწერე.
„დღე   გადამექცა   უშენოდ   ღამედ“
– დაწერე?
– დავწერე.
„შენთვის   ვსუნთქავდე   ამქვეყნად   მინდა“
– დაწერე?
– დავწერე.
„მზე   ხარ   და   ვთბები   შენი  სხივებით“
– დაწერე?
– დავწერე.
„მთელი   ცხოვრება   მე   შენ   გელოდი“
– დაწერე?
– დავწერე.
„უარს   ნუ   მეტყვი   თორემ   მოვკვდები“
– დაწერე?
– დავწერე.
„შემხვდი   და   გეტყვი   მხოლოდ   ერთ   სიტყვას“
– დაწერე?
– დავწერე.
„მე   შენ   მიყვარხარ“
– დაწერე?
– დავწერე.
– ახლა   ამ   ნაწერს   მისცემ   იმ   გოგოს. ხომ  არ   წერ?
– არა.
– ვინ   არის   იგი?
– შენ.

 


Published in: on March 14, 2010 at 8:30 pm  Leave a Comment